ტოკიო, იაპონია (2020 წლის 30 ივნისი) – Lexus-მა გამოაცხადა, რომ Lexus Design Award 2020-ის გრან-პრის ფინალურ ეტაპს შეეხება გარკვეული ცვლილებები და ის გაიმართება აგვისტოში, ვირტუალურ ფორმატში, ხოლო გრან-პრის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი გახდება 1 სექტემბერს. "ამ წელს განსაკუთრებული გარემოებების წინაშე აღმოვჩნდით", აღნიშნა Lexus International-ის გლობალური მარკეტინგისა და PR-ის გენერალურმა მენეჯერმა ბრაიან ბოლეინმა. "თუმცა, Lexus არ ივიწყებს კონკურსის თავდაპირველ მიზანს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მომავალ შემოქმედებს შევუქმნათ ახალი პლატფორმა მათი კარიერის განვითარებისთვის".
Lexus Design Award-ის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შემოსულია 2042 განაცხადი 79 ქვეყნიდან, გრან-პრის გამარჯვებულად კი მხოლოდ ერთი კონკურსანტი გამოცხადდება. ვირტუალურ ფორმატში ჩატარებული გრან-პრის კონკურსი თავს მოუყრის ექვს ფინალისტს და მათ შეაფასებს ჟიური, რომელშიც შედიან: პაოლა ანტონელი, ჯინ გენგი, ჯონ მაედა და საიმონ ჰამფრისი. ჟიურის წევრთა გადაწყვეტილება გრან-პრის გამარჯვებულის გამოვლენასთან დაკავშირებით Lexus-ის ბრენდის სამ ძირითად პრინციპზე იქნება დაფუძნებული: განჭვრეტა, ინოვაცია, მოხიბლვა. ყურადღება გამახვილდება ისეთ დიზაინზე, რომელიც გაგვიძღვება უკეთესი მომავლისკენ.
დიდი დიზაინერები წარმატებას აღწევენ რთულ სიტუაციებში. ისინი ეხმარებიან ადამიანებს და საზოგადოებას იმაში, რომ თავი გაართვან მოულოდნელ ცვლილებებს" - განაცხადა პაოლა ანტონელიმ. "ამ წლის ფინალისტებმა უკვე ჩააბარეს თავისი პირველი მნიშვნელოვანი გამოცდა იმ მხრივ, რომ გააგრძელეს მუშაობა მიუხედავად რთული გარემოებებისა. სამწუხაროდ, პირადად ვერ შევხვდებით, თუმცა მოუთმენლად ველით მათგან ექსპერიმენტებს და ოსტატობის ახალ ნაყოფს, რასაც წარადგენენ ვირტუალური ფორმატის გრან-პრის კონკურსზე".
იანვარში ექვსმა ფინალისტმა მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკში გამართულ მნიშვნელოვან სემინარში. აქ ისინი შეხვდნენ ოთხ აღიარებულ მენტორს: ჯო დუსეტს, ბეთან გრეის, ფილიპ მალუინს და შოჰეი შიგემაცუს. თითოეულმა მათგანმა ფინალისტებს გაუზიარა თავისი გამორჩეული ცოდნა და გამოცდილება. სემინარი ჩატარდა INTERSECT BY LEXUS-NYC-ში - ლექსუსის ბრენდის გამორჩეული სტილის სივრცეში. მომდევნო თვეების განმავლობაში, ფინალისტები სარგებლობდნენ თავისი მენტორების მუდმივი ხელმძღვანელობით და დახმარებით ინდივიდუალური ონლაინ-სესიების საშუალებით, რაც კვლავ ეხმარება მათ თავისი ნამუშევრების კრეატიულად დამუშავებაში, საბოლოო შეფასების ეტაპისთვის. ოთხი მენტორი ასევე შეუერთდება ვირტუალური ფორმატის გრან-პრის გამარჯვებულის გამოვლენის ეტაპს.
LEXUS DESIGN AWARD 2020-ს ფინალისტები
- პროექტი Biocraft, წარმოდგენილი სატერლინ სანტოს მიერ (აშშ)
- პროექტი Feltscape, წარმოდგენილი თეოფილე პეიუს და სალვატორე ჩიჩეროს მიერ (საფრანგეთი, იტალია / მცხოვრებნი დიდ ბრიტანეთში)
- Flash Pak, წარმოდგენილი იაოკუნ ვუს მიერ (ჩინეთი / მცხოვრები აშშ-ში)
- პროექტი L.I.C.K., წარმოდგენილი ირინა სამოილოვას მიერ (რუსეთი)
- პროექტი Open Source Communities, წარმოდგენილი ბელ ტაუერის მიერ (კენია)
- პროექტი Pursewit, წარმოდგენილი აქსა აჯმალის მიერ (პაკისტანი)
გრან-პრის ჯილდოს, რომელიც შეიქმნა ჰიდეკი იოშიმოტოს მიერ, ვიხილავთ სექტემბერში, როდესაც მიმდინარე წლის გრან-პრის გამარჯვებული გამოცხადდება. იოშიმოტო იყო 2013 წელს გამართული პირველი Lexus Design Award-ის გამარჯვებული, შემდეგ კი გახდა წარმატებული ლონდონელი დიზაინერი და თანამშრომლობდა მსოფლიო ბრენდებთან. ჯილდოს დიზაინში გამოხატული იქნება მისი საინჟინრო მიდგომები და ერთგულება იაპონურ Takumi ოსტატობის მიმართ. ის ასევე გამოყენებულ იქნება მომავალში Lexus Design Award-ის ყველა ღონისძიებისთვის.
Lexus Design Award 2021-ისთვის განაცხადების მიღება იწყება დღეს და დასრულდება 11 ოქტომბერს. ჟიურის წევრების და მენტორების ვინაობა ცნობილი გახდება მიმდინარე წლის შემოდგომაზე.